სამშვიდობო პროცესები
სამშვიდობო პროცესი სამ ფუნდამენტურ სვეტს ეყრდნობა: მთავრობა, მესამე ნეიტრალური მხარე და მშვიდობისმშენებლები.
სამივე ეს სვეტი ხელს უწყობს და აყალიბებს ეფექტიან სამშვიდობო პროცესს პარტნიორული სამშვიდობო საქმიანობით.
მედიაცია
მონაწილე მხარეები ირჩევენ მესამე, ნეიტრალურ მხარეს. იგი ეხმარება ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების შემუშავებაში და შემდგომში ხელმძღვანელობს მხარეებს ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში.
მედიაცია მშვიდობის მშენებლობის პროცესის განუყოფელი ნაწილია. მედიაციის ტექნიკა ნეიტრალური და ეფექტიანია მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მედიაციის გზით წარმართული მოლაპარაკებებისას გათვალისწინებულია თითოეული მხარის საჭიროება და ინტერესი. თავად პრობლემა კი, ორივე მხარის მიერ ერთობლივადაა გადაწყვეტილი და არა მესამე მხარის მიერ. მესამე მხარემ, შეიძლება, ვერ გაითვალისწინოს მხარეთათვის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც, მომავალში, კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ფასილიტაცია
მესამე, ნეიტრალური მხარე წარმართავს მონაწილე მხარეების შეხვედრის პროცესს. იგი არ ერევა შინაარსში. ეხმარება მონაწილე მხარეებს, გაცვალონ ინფორმაცია და ერთობლივად შეიმუშაონ გადაწყვეტილების ალტერნატივები.
ფასილიტაცია არის პროცესის წარმართვა მესამე ნეიტრალური მხარის (პროფესიონალის) მონაწილეობით. პროცესზე პასუხისმგებელი ადამიანი - ფასილიტატორი - აწესრიგებს ურთიერთდამოკიდებულებებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რითიც ხელს უწყობს მათ მუშაობას პრობლემის შინაარსზე.
მოლაპარაკება
მონაწილე მხარეები მესამე, ნეიტრალური მხარის ჩარევის გარეშე ხვდებიან ერთმანეთს, ცდილობენ, მივიდნენ კომპრომისამდე, რომელიც დაეფუძნება ერთმანეთის ინტერესების გარკვევასა და განხილვას. იმის მიხედვით, თუ რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე და რა შედეგს (შეთანმებას) ველით, შესაძლებელია, რომ შედგეს ან ე.წ. ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებები, ან ე.წ. პოზიციური ვაჭრობა. ჩვეულებრივი მოლაპარაკებისას მხარეები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს, საუბრობენ მხოლოდ მათზე და ნაკლებად ეხებიან თავიანთ ინტერესებს, საჭიროებებსა და იმ მთავარ პრობლემას, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.
დიალოგი
დიალოგი ერთიმეორის აზრის აღიარებაა. დიალოგი ერთადერთი გზაა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს, წარმართონ საუბარი და მხოლოდ ამის შემდეგ, დანაკარგების გარეშე მივიდნენ შეთანხმებამდე.
სამშვიდობო გეგმები
3 სამშვიდობო გეგმა, რომელთა განხილვა ხდებოდა საქართველოს სამშვიდობო პროცესის 1 არხის მაღალი დონის ოფიციალურ მოლაპარაკებებზე:
1. ბოდენის დოკუმენტი (2001-2008);
2. შტაინმაიერის მშვიდობის გეგმა (2008);
3. სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმა (2008-დღემდე).